logo
ENG



"ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა" - კობახიძე პარლამენტში მოქალაქის პროტესტზე

14 ივნ 202314:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/750ja5fjtmyokvc.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოქალაქის პროტესტს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები დააყარა, "ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხატულებას" უწოდებს.

"მინდა მოკლედ გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, აქტი. ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოყენება ამ ყველაფრისთვის", - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, დარბაზში მსხდომმა ოპოზიციამ "პროვოკაციის შემდეგ, მიიღო სათანადო პასუხი, რაც შეირგო". კობახიძის მტკიცებით, პარლამენტში რუსული რუბლები "ნაცმოძრაობის აქტივისტმა გადმოყარა".

"ჯერ პროვოკაცია განხორციელდა, ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური ნაცმოძრაობა, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს სათანადო პასუხი, რაც ძალიან კარგად შეირგეს, იმიტომ რომ იციან, არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. რაც შეეხება კოორდინაციას, მინდა გითხრათ, რომ იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც მანამდე, რამდენიმე დღის წინ, სიმბოლურია, რომ იყო 5 000 რუბლიანი კუპიურები, ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა 5 მილიონი რუბლი და ეს საერთო კოორდინაცია, რაც ძალიან კარგად ჩანს.

ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი კოორდინირებული ქმედებები, რაც არის პირდაპირ აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება გვაქვს, რომ ისინი არიან პირდაპირ აქტივისტები. რუბლები გადმოყარა ნაცმოძრაობის აქტივისტმა. სახელი გვაქვს, გვარი და ვიცით, რომ ეს ადამიანი იყო აქტივისტი და ის ადამიანებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აწყობდნენ პროვოკაციას, არიან აქტივისტები. ისინი ამას არ მალავენ", - ამბობს კობახიძე.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრე მოქალაქემ ქართული ოცნების დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გაშალა.

"არა რუსულ რეჟიმს", - ყვიროდა ქალი. რუსული კუპიურები დაიყარა იმ რიგებში, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ისხდნენ. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე დარბაზიდან გაიყვანეს. 

10 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეულები" უწოდა სტუდენტებს, რომლებმაც უნივერსიტეტში რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. კობახიძე ამ ინციდენტს "ფორმულას პროვოკაციას" უწოდებს, თუმცა არ ამბობს რის საფუძველზე.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე სიტყვა "ორიენტაციაარეულს" უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. ქართული ოცნება ხშირად ცდილობს, მათთვის არასასურველი ადამიანების თუ ჯგუფების მარგინალიზაციას ჰომოფობიური განწყობების წახალისებით.

ქართულმა ოცნებამ სიძულვილი კამპანია დაიწყო 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, რომელსაც კობახიძემ "ორიენტაციაარეული" რამდენჯერმე უწოდა.


close დახურვა